ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. შესაბამის განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშეილ და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებენ.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკავშირი რუსეთს პასუხს აგებინებს უკრაინაზე გაუმართლებელი თავდასხმისთვის.
- ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე. ამ ბნელ ჟამს ჩვენი ფიქრებით უკრაინასთან და უდანაშაულო ქალებთან, მამაკაცებთან და ბავშვებთან ვართ. ისინი არაფრით პროვოცირებული თავდასხმის წინაშე აღმოჩნდნენ. კრემლს პასუხს ვაგებინებთ.
„მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გაიყვანოს სამხედროები უკრაინიდან და სრულად პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ამგვარი ძალის გამოყენების და იძულების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სასწრაფო რიგგარეშე სხდომა მოიწვია. ევროკავშირის ლიდერები დღეს მოგვიანებით შეიკრიბებიან, რათა განიხილონ კრიზისი და შემდგომი შემზღუდავი ზომები, რომლებიც რუსეთს მის ქმედებებზე მასობრივ და მძიმე შედეგებს მოუტანს, ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი გამოაქვეყნებს შემდგომი სანქციების პაკეტს, რომელსაც ევროკომისია დაასრულებს და რომელსაც საბჭო სწრაფად მიიღებს.
ჩვენ ვწუხვართ სიცოცხლის დაკარგისა და ჰუმანიტარული ზარალის გამო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან, სასწრაფოდ უზრუნველყონ ჰუმანიტარული სასწრაფო რეაგირება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ფორმირებებს, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.
ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით. ევროკავშირი შემდგომ პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას გასწევს. ჩვენ კოორდინაციაში ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის NATO-სთან და G7-თან, რომელთა ლიდერებიც დღეს გამართავენ შეხვედრას“, - აღნიშნულია განცხადებაში.