ერდოღანი: რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით, NATO-ს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადაედგა

დასავლეთს და მის ინსტიტუტებს, განსაკუთრებით NATO-ს, უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადაედგათ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით, - თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ფრო კონკრეტული მხარდაჭერა სჭირდება, ვიდრე დასავლეთის დედაქალაქების რჩევები.

ერდოღანის განცხადება NATO-ს ლიდერების ვირტუალურ სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე გაკეთდა. ონლაინსამიტს თურქეთის პრეზიდენტიც დაესწრება.


„დასავლეთი დღემდე უამრავ რჩევას აძლევდა უკრაინას და კვლავ აგრძელებს რჩევების შეთავაზებას... „რა გააკეთე აქამდე? არანაირი ნაბიჯი არ არის გადადგმული. სწორედ ამიტომ ვანიჭებ მნიშვნელობას NATO-ს შეხვედრას.
NATO-ს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები მართებს“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს სტამბოლში.