უკრაინა იუწყება, რომ მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ გემს რუსეთის რაკეტა მოხვდა

უკრაინამ განაცხადა, რომ ოდესის პორტის მახლობლად, რუსულმა ხომალდებმა მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი ქიმიური ტანკერი და პანამის დროშის ქვეშ მდგარი სატვირთო გემი დაბომბეს, შავ ზღვაში, პარასკევს, ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

შეჭრის დაწყების შემდეგ სულ სამი არასამხედრო ხომალდი იყო დარტყმის ობიექტი, მათ შორის, ოდესის მახლობლად, თურქეთის კუთვნილი სატვირთო გემი Yasa Jupiter.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ გემს, Millennial Spirit, რუსული სამხედრო გემიდან თავდასხმის დროს 600 ტონა დიზელი გადაჰქონდა.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ გემს შავ ზღვაში მყოფი რუსეთის სამხედრო გემიდან გასროლილი რაკეტა მოხვდა.

ტანკერი Millennium Spirit-ი უკრაინის ნაპირიდან 19 კილომეტრში იმყოფებოდა, როცა მას რაკეტა მოხვდა 25 თებერვალს. მოლდოვის საზღვაოსნო სააგენტოს ინფორმაციით, ტანკერის მთელი ეკიპაჟი რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება, ხოლო ტანკერის ოპერატორი კომპანია უკრაინაშია რეგისტრირებული. სამაშველო სამუშაოები უკრაინის ხელისუფლებამ ჩაატარა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟის ორი წევრი დაიჭრა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.