ტექნოლოგიურმა გიგანტმა Facebook-მა ოთხი რუსული საინფორმაციო რესურსის: ტელეკომპანია „ზვეზდას“, საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“, ინტერნეტპორტალ „ლენტა.რუ“,-ს და „გაზეტა. რუ“-ს ოფიციალური ანგარიშები შეზღუდა.
რუსეთის ოფიციალური მარეგულირებელი უწყების, „როსკომნადზორის“ საპასუხო განცხადებით, რუსეთის ფედერალური კანონი ითვალისწინებს შესაბამის ზომებს „იმ პირების მიმართ, რომლებსაც წვლილი მიუძღვით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების, ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლების დარღვევაში“.
„როსკომნადზორმა“ 24 თებერვალს Meta Platforms, Inc-ის ადმინისტრაციას მიმართა, რითაც სოციალური ქსელის მიერ დაკისრებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვს. „როსკომნადოზრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელის მფლობელებმა უგულებელყვეს რუსეთის სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნა.
25 თებერვალს, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, Facebook-ი ადამიანის ფუნდამენტური უფლებისა და თავისუფლების დარღვევაში თანამონაწილედ ცნო.
სააგენტომ განაცხადა, რომ Facebook-ის მიერ რუსული მედიისა და ინტერნეტ რესურსების „ცენზურის 23 შემთხვევა დაფიქსირდა“ 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ.
Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, Meta-ს წარმომადგენელმა ნიკ კლეგმა მიუთითა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ კომპანიას ხუთშაბათს უბრძანა, შეწყვიტოს Facebook-ზე ფაქტების შემოწმება და სახელმწიფო მედია საშუალებების მიერ გამოქვეყნებული შინაარსის „მარკირება“. როდესაც მეტამ ამაზე უარი თქვა, რუსეთმა მისი მომსახურების შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა.