NATO: უკრაინაში ათასობით ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა, საბრძოლო მასალის მარაგი იგზავნება

NATO-ს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას იმ ფონზე, როცა  ქვეყანა თავს იცავს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისგან. NATO-ს განცხადებით, ათასობით ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა და ათასობით მცირე იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგი იგზავნება უკრაინაში.

მოკავშირეები ასევე უზრუნველყოფენ მილიონობით ევროს ღირებულების ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის სამედიცინო მარაგს უკრაინის ძალების დასახმარებლად.

ბელგიამ, კანადამ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა უკვე გაგზავნეს ან ამტკიცებენ სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე გადაწყვეტილებას. უკრაინამ  NATO-ს მოკავშირეებისგან უკვე მიიღო იარაღი, მათ შორის „ჯაველინები“ და საზენიტო რაკეტები, ასევე მილიონობით ევროს ფინანსური დახმარება.

ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, დანია, უნგრეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობენ ან ხსნიან საზღვრებს უკრაინელი ლტოლვილებისთვის.

ხორვატია, პოლონეთი და რუმინეთი უკვე იღებენ უკრაინელ ლტოლვილებს. იტალია ასევე დაუყონებლივ ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინის მთავრობას, თურქეთმა კი გააღრმავა თავდაცვის კავშირები უკრაინასთან და შესთავაზა ჰუმანიტარული დახმარება.

„თავდაცვა არის გაეროს წესდებაში გათვალისწინებული უფლება და მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას ამ უფლების დაცვაში. ეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის NATO-ს მკაფიო მხარდაჭერის გზავნილი. 

ალიანსის განმარტებით, ეს დამატებითი შენატანები ეფუძნება უკრაინისადმი NATO-ს მრავალწლიან დახმარებას.

„NATO 2014 წლიდან მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების და თავდაცვის ინსტიტუტების წვრთნას, დაფინანსებას და რეფორმას. მიმდინარე კრიზისის პირობებში, ალიანსი მხარს უჭერს და ეხმარება მოკავშირეებს ჰუმანიტარული და არალეტალური დახმარების მიწოდებაში“, - აღნიშნულია NATO-ს განცხადებაში.