უკრაინის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი, Antonov An-225 გაანადგურა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს:
- რუსეთმა შესაძლოა, გაანადგურა ჩვენი Mriya, მაგრამ ისინი ვერასდროს შეძლებენ, გაანადგურონ ჩვენი ოცნება ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს შესახებ. ჩვენ გავიმარჯვებთ!
ცნობისთვის, მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი Antonov An-225 მრია (მრია – უკრაინულად ოცნებას ნიშნავს) შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროს, უკრაინაში. პირველი ფრენა 1988 წლის 21 დეკემბერს განხორციელდა. სიდიდის გარდა, ის გვევლინება როგორც ყველაზე მძიმე ტვირთმზიდი თვითმფრინავი. ან-225 შეიქმნა რუსული წარმოების კოსმოსური ხომალდის, „ბურანის“ ტრანსპორტირებისათვის. 1988-1994 წლების განმავლობაში თვითმფრინავმა 110 მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ხოლო მისი რეკონსტრუქციის, შემდეგ ეს რიცხვი 127-მდე გაიზარდა. ან-225 -ის სიგრძე 84 მეტრია, მისი სიმაღლე კი 18,2 მეტრი. 88 ადგილია მგზავრებისათვის, ხოლო 6 ეკიპაჟისათვის. თვითმფრინავის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი.
მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ.