ამ უმძიმეს დროს, როდესაც ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის საფუძველსმოკლებულ და გაუმართლებელ დაპყრობას და დეზინფორმაციის მასობრივ კამპანიებსა და ინფორმაციით მანიპულირებას, აუცილებელია ფაქტების გამიჯვნა ტყუილისგან, რომელიც იმის გასამართლებლად იყო მოგონილი, რაც გაუმართლებელი, ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ უდიდესმა ბირთვულმა სახელმწიფომ, რუსეთმა, განახორციელა შეტევა და დაიპყრო მშვიდობიანი და დემოკრატიული მეზობელი ქვეყანა, რომელიც მას არც საფრთხეს უქმნიდა და არც ასეთი ქმედების პროვოცირება მოუხდენია. უფრო მეტიც, პრეზიდენტი პუტინი შურისძიებით ემუქრება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც უკრაინის მოსახლეობის დახმარებას დააპირებს. 21–ე საუკუნეში ძალის ასეთი გამოყენება და ძალმომრეობა უადგილოა.
ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი შეფასებით, პრეზიდენტ პუტინის ქმედება არამარტო საერთაშორისო კანონმდებლობის უმძიმესი დარღვევაა, არამედ ადამიანთა თანაცხოვრების ძირითადი პრინციპების დარღვევაც არის. ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად, როდესაც ძალა აღმართს ხნავს. მისი სამიზნე არამარტო უკრაინაა, არამედ ევროპის უსაფრთხოება და კანონზე დაფუძნებული მთელი საერთაშორისო წესრიგი, რომელიც გაეროს სისტემასა და საერთაშორისო სამართალს ეფუძნება.
„მისმა აგრესიამ არაერთი უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა ადამიანების სურვილი, იცხოვრონ მშვიდობიანად. ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ობიექტებს, რაც ნათელი მაგალითია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის დარღვევისა, რამაც აიძულა ადამიანები ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ. ჩვენ თვალწინაა ჰუმანიტარული კატასტროფა. თვეების განმავლობაში უპრეცედენტო ძალისხმევა გამოვიჩინეთ, რომ დიპლომატიური გზები გამოგვეძებნა. მაგრამ პუტინი ატყუებდა ყველას, ვინც მას ხვდებოდა, თითქოსდა საკითხის მშვიდობიანი მოგვარებით იყო დაინტერესებული. სანაცვლოდ, მან სრულმასშტაბიანი დაპყრობა და სრულფასოვანი ომის გაჩაღება აირჩია.
რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყიტოს სამხედრო ოპერაცია და უპირობოდ გემოიყვანოს ჯარები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. იგივე შეეხება ბელორუსსაც, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესიაში მონაწილეობა და პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს. ევროკავშირი ერთიანია თავის გადაწყვეტილებაში, მტკიცე დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას და მის ხალხს. ეს სიკვდილ – სიცოცხლის საკითხია. მე ვამზადებ გადაუდებელი დახმარების პაკეტს უკრაინელი სამხედრო ძალების მხარდასაჭერად.
ახლა საპასუხოდ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის სრულმასშტაბიან იზოლაციას აირჩევს, რათა პრეზიდენტმა პუტინმა ამ აგრესიისთვის პასუხი აგოს“, - განაცხადა ბორელმა.