რუსმა ოლიგარქმა ოლეგ დერიპასკამ ორშაბათს განაცხადა, რომ დროა ბოლო მოეღოს „მთელ ამ სახელმწიფო კაპიტალიზმს“ და შეიცვალოს პოლიტიკა, რადგან ქვეყნის ეკონომიკა დასავლეთის სანქციების ზეგავლენას განიცდის უკრაინაზე მოსკოვის თავდასხმის გამო.
„აუცილებელია ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა, აუცილებელია მთელი ამ სახელმწიფო კაპიტალიზმის დასრულება“, - განაცხადა დერიპასკამ Telegram-ზე და მოითხოვა ოფიციალური პირებისგან „ახსნა-განმარტება“, თუ რა ბედი ელის ეკონომიკას მომდევნო სამი თვის განმავლობაში.
უცხოური მედიის ცნობით, ოლიგარქმა ასევე დაამატა:
- „თუ ეს რეალური კრიზისია, მაშინ ჩვენ გვჭირდება რეალური კრიზისის მენეჯერები და არა ფანტაზიორები სულელური პრეზენტაციებით“.
„2014 წლისგან განსხვავებით, ახლა შეუძლებელი იქნება ამის გამოსწორება“, - განაცხადა დერიპასკამ, მხედველობაში ჰქონდა მოსკოვის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ანექსია და დასავლეთის სანქციების შემოღება.