ემანუელ მაკრონმა პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. მაკრონის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა საერთაშორისო მოწოდებები მოსკოვისადმი, კერძოდ ის, რომ შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინაზე და ხაზი გაუსვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას.

მაკრონმა სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს, შეწყვიტოს ყველა დარტყმა და თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის, საცხოვრებელი ადგილების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. 

საფრანგეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა, შეასრულოს ეს მოთხოვნები. თუმცა, იმავე სატელეფონო ზარის შესახებ კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა მაკრონს განუცხადა: „მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხედველობაში მიიღება რუსეთის ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესები - მათ შორის ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება და დემილიტარიზაციისა და დენაზიზაციის მიზნების გადაწყვეტა. უკრაინის სახელმწიფო და მისი ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფა“.

საფრანგეთმა თავის განცხადებაში ასევე განაცხადა, რომ მაკრონმა ასევე სთხოვა თავის რუს კოლეგას, დარჩეს კონტაქზე უახლოეს დღეებში, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია, რასაც, როგორც ამბობენ, პუტინი დაეთანხმა.