კიევში სატელევიზიო ანძაზე თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - BBC

BBC უკრაინის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა კიევში სატელევიზიო ანძას, დარტყმა განახორციელა სამაუწყებლო მოწყობილობებზე.

კიევში სატელევიზიო ანძა პირველ მარტს კვამლშია გაეხვა. მისი მისამართით გასროლა რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს. სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრები, რომლის ავთენტურობას BBC დასტურებს, აფეთქებას ასახავს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი იუწყება, რომ სროლა მაუწყებლის სააპარატოზე განხორციელდა.

დროებით გაითიშა არხები, მაგრამ უახლოეს მომავალში ჩაირთვება მათი ნაწილის სარეზერვო მაუწყებლობა. ზოგიერთი ტელეარხის ყურება კი Youtube-ის მეშვეობით შეიძლება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე კიევის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ უკრაინის დედაქალაქში სამიზნეებზე, მათ შორის საკომუნიკაციო სისტემაზე თავდასხმისთვის ემზადება.

BBC-ის ცნობით, რუსული ჯავშანტექნიკის უზარმაზარი კოლონა კიევისკენ წინსვლას განაგრძობს. უკრაინის მეორე ქალაქში, ხარკოვის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე თავდასხმას სულ მცირე 10 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთს ბარბაროსულ თავდასხმებში ადანაშაულებს.