გაერთიანებულმა სამეფომ შეეკრიბა მოკავშირეები იმ მიზნით, რომ დააჩქაროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამოძიება უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებზე. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, დიდ ბრიტანეთს 37 ქვეყანა შეუერთდა ამ მოთხოვნაში, მათ შორის არის საქართველოც. ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური მიმართვა ICC-ის ისტორიაში.
„რუსეთის მიერ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განურჩეველი ძალის გამოყენება, უკრაინაში მისი უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრისას, უტოლდება ომის დანაშაულს, რაზეც პუტინის რეჟიმი პასუხისმგებელია. ნებისმიერმა რუსმა ლიდერმა ან ოფიცერმა, რომელიც ასრულებს ბრძანებებს, რომლებიც ომის დანაშაულს წარმოადგენს, უნდა იცოდეს, რომ ისინი სასამართლოს დარბაზში და საბოლოოდ, ციხეში აღმოჩნდებიან“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე განთავსებულ ოფიციალურ კომენტარებში.
28 თებერვალს, პროკურორმა განაცხადა, რომ აპირებს, მოითხოვოს ნებართვა ICC-ის მოსამართლეებისგან და გამოძიების პროცესი დაიწყოს. მონაწილე სახელმწიფოს მიმართვა, რომელიც 38 ქვეყნის მიერ განხორციელდა, საშუალებას მისცემს პროკურორს, პირდაპირ განაგრძოს გამოძიება სასამართლოს ნებართვის გარეშე.