რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ბრიფინგზე უპასუხა.
ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის ჟურნალისტის კითხვაზე, შეგიძლიათ დაამშვიდოთ მსოფლიო, რომ მრისხანებისას რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, მან უპასუხა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები პროვოკაციებით აიძულებენ რუსეთს გამოვიდეს წონასწორობიდან.
„ჩვენ გვაქვს საომარი დოქტრინა, რომელშიც ბირთვული იარაღის გამოყენების პირობები, პარამეტრებია აღწერილი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ესკალაცია დეესკალაციისთვის, როგორც ამას დასავლელი ანალიტიკოსები გვეუბნებიან, მაგრამ საუბარი ბირთვულ ომზე მიდის და ძალიან გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ გამონათქვამებს“, - განაცხადა ლავროვმა.
რადიო თავისუფლების ცნობით, ლავროვმა დასავლელი ლიდერების განცხადებები მოიყვანა, ახსენა NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ თითქოს გაკეთებული განცხადება, რომ NATO განათავსებს ბირთვულ იარაღს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე მაშინ, როცა, მისი სიტყვებით, ბირთვული შეიარაღება არა NATO-ს, არამედ შეერთებულ შტატებს აქვს.
„ყველას ესმის, რომ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს მხოლოდ ბირთვული, მაგრამ თქვენს ყურადღებას მივაქცევ, რომ დასავლელ პოლიტიკოსებს უტრიალებთ მუდმივად თავში ბირთვული ომი და არა რუსებს. ამიტომ, გარწმუნებთ, რომ ჩვენ უფლებას არ მივცემთ ამ პროვოკაციებს, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა, მაგრამ თუ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყებენ რეალურ ომს, ამაზე უნდა იფიქრონ მათ, ვინც ასეთ გეგმებს სახავს და ისინი, ჩემი აზრით, ქმნიან [ასეთ გეგმებს]“, - განაცხადა ლავროვმა.