CNN: ამერიკელ სენატორებთან ონლაინ შეხვედრაზე ზელენსკიმ აშშ-სგან უფრო მეტი სამხედრო მხარდაჭერა მოითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებს ვიდეოშეხვედრისას განუცხადა, რომ მის ქვეყანას აშშ-სგან უფრო მეტი დახმარება ესაჭიროება, მათ შორის, ზელენსკიმ უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნა მოითხოვა. ერთსაათიანი შეხვედრის დროს ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, მოუწოდა მეტი სამხედრო მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ უფრო დიდი სანქციების დაწესებისკენ, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

CNN-ის ინფორმაციით, ვიდეოზარის დასასრულს, კანონმდებლებმა მადლობა გადაუხადეს ზელენსკის და მხარდაჭერის ნიშნად - „დიდება უკრაინას“ წარმოთქვეს, რამაც ზელენსკის აღფრთოვანება გამოიწვია. 

CNN-ის ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, უნდა მიაწოდონ თუ არა ცალკეულმა ქვეყნებმა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, თანმდევი რისკების გათვალისწინებით.

ამასთან, როგორც ცნობილია, აშშ და NATO ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ფრენის აკრძალული ზონის შექმნას და ასეთ შემთხვევაში ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეს ხედავენ.

„ეს სუვერენული სახელმწიფოების გადასაწყვეტია“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ პარასკევს, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, დაუჭერს თუ არა აშშ მხარს უკრაინაში MiG29-ების გაგზავნას ქვეყნების მიერ.