მოსკოვში პუტინთან ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინიტრი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც კანცლერ ოლაფ შოლცთან მოლაპარაკებები გამართა.
DW-ს ცნობით, გერმანელმა სპიკერმა განაცხადა, რომ ბენეტმა და შოლცმა საათნახევრის განმავლობაში ისაუბრეს. მისივე ინფორმაციით, ორი ლიდერი მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებაზე შეთანხმდა და მზად არიან, დაასრულონ უკრაინაში ომი „რაც შეიძლება სწრაფად".
პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ნაფტალი ბენეტიმ უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ისრაელის პრემიერ მინისტრმა დამირეკა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.
რა გავლენის მოხდენა შეუძლია ისრაელს?
ისრაელი ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას როგორც უკრაინასთან, ასევე, რუსეთთან და შუამავლის როლის შესრულება სურს. რუსეთი ასევე ჩართულია ომში სირიაში, რომელიც ისრაელს ესაზღვრება. ისრაელის ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში მაიკლ ორენმა განაცხადა, რომ „ბენეტის ქმედება არის გაბედული, მაგრამ ამავე დროს, მისი ეს ნაბიჯი სარისკოა“.
„რუსეთი დღეს სხვა პოზიციაზეა და პუტინი შესაძლოა, ეძებს გამოსავალს, რომ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეს“, - აცხადებს ყოფილი ელჩი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი პირველი საერთაშორისო ლიდერია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან მეათე დღეს, რუსეთს მოულოდნელად ეწვია და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ბენეტის ოფისში განაცხადეს, რომ ისრაელის პრემიერი შაბათს, დილით მოსკოვში გაემგზავრა და მას თან ახლდა რუსულენოვანი კაბინეტის მინისტრი (იერუსალიმის საქმეთა მინისტრი) ზეევ ელკინი, რომელიც უკრაინაში დაიბადა.