ევროკომისიამ გადაწყვიტა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, რუსულ სუბიექტებთან კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობა შეწყვიტოს. შედეგად, ევროკომისია ევროკავშირის 95,5 მილიარდი ევროს ღირებულების კვლევისა და ინოვაციების დაფინანსების პროგრამის, Horizon Europe-ის ფარგლებში, რუსულ ორგანიზაციებთან ახალ კონტრაქტებს ან ახალ შეთანხმებებს არ გააფორმებს.
„ეს არის თავდასხმა თავისუფლების, დემოკრატიისა და თვითგამორკვევის ელემენტარულ ღირებულებებზე, რომლებსაც ეფუძნება კულტურული გამოხატულება, აკადემიური და სამეცნიერო თავისუფლება და სამეცნიერო თანამშრომლობა. ჩვენ, ევროკავშირი, უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა ევროკომისარმა მარია გაბრიელმა.