მარიო დრაგი: ოლიგარქების აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით, იტალიას მიბაძეთ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ 7 მარტს განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებმა უნდა მიბაძონ იტალიის მაგალითს მას შემდეგ, რაც იტალიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რამდენიმე რუსი ოლიგარქის აქტივები გაყინა. ამის შესახებ იტალიური Ansa იუწყება.

„ამ მიზნის განხორციელების პროცესში ჩვენ უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა დრაგიმ ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას.

შაბათ-კვირას იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუს ოლიგარქებს დაახლოებით 140 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები გაუყინა. ეს აქტივები მოიცავდა დაახლოებით 65 მილიონი ევროს ღირებულების იახტას, რომელიც ეკუთვნოდა მეტალის მაგნატს ალექსეი მორდაშოვს, ასევე, გენადი ტიმშენკოს საკუთრებაში არსებულ 50 მილიონი ღირებულების იახტას და სარდინიაზე ალიშერ უსმანოვის ქონებას.