იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ კურილიის კუნძულები იაპონიას ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაიას რუსული მედია ავრცელებს.
მანამდე, 28 თებერვალს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა ჰიდეკი უიამამ იაპონიის პარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კურილიის კუნძულების სამხრეთ ნაწილის ოკუპაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც რუსული არმიის თავდასხმა უკრაინაზე.
ხუთშაბათს, 3 მარტს, ფუმიო კიშიდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქების აქტივების გაყინვის შესახებ, ქვეყნის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო.
ადრე იაპონიის ხელისუფლება არ იყენებდა სიტყვა „ოკუპაციას“ კურილიის სამხრეთ ნაწილთან მიმართებით და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ „იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება ამ კუნძულებზე“.
საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადავო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის.