„თქვენ არ უსმენთ ჩემს განცხადებებს, არ ესწრებით მთავრობის სხდომებს?“ - მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, თბილისის მერმა, კახა კალაძემ უპასუხა.
კახა კალაძის განცხადებით, ყოველდღიურად აკეთებს უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს, რაზეც მედიას აქვს სრული წვდომა.
„მე არაერთი განცხადება გავაკეთე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის შეჭრა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და საომარი მოქმედებების წარმოება, რაც ეწინააღმდეგება ყველანაირ სამართლებრივ პრინციპებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
„საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად გარკვეული პიროვნებების თუ პოლიტიკური პარტიების მცდელობებისა, შემოიტანონ დაძაბულობა, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის და პირველ რიგში, ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა თბილისის მერმა.