ევროპის საბჭოში წევრობის შეჩერებიდან ორი კვირის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

რუსეთი ევროპის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, რუსეთისადმი არამეგობრული ქვეყნები, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავიანთ აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში(CMCE), აგრძელებენ ევროპის საბჭოს და ევროპის საერთო ჰუმანიტარულ-სამართლებრივი სივრცის განადგურების ხაზს. დატკბნენ ერთმანეთთან ურთიერთობებით რუსეთის გარეშე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსეთს ევროპის საბჭოში წევრობა უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს შეუჩერეს.

უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივას ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნიდან 42-მა დაუჭირა მხარი, მათ შორის არის საქართველო.