თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, პუტინმა ერდოღანს უთხრა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს ინფორმაციით, პრეზიდენტ ერდოღანთან სატელეფონო მოლაპარაკებისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის.

თურქული სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალისხმევას ვიჩენთ იმისთვის, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის ორგანიზება მოვახდინოთ. ამას ომის დაწყებამდეც ვცდილობდით. ჩვენს პრეზიდენტთან სატელეფონო მოლაპარაკებების დროს, პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრის წინააღმდეგი არ არის. როგორც ვიცი, უკრაინული მხარეც მზად არის“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ინტერფაქსთან კომენტარი გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებაზე, რომლის თანახმად, პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ იყო. 

კრემლში აცხადებენ, რომ არასოდეს უარყვიათ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობა, მაგრამ პირველ რიგში სურთ გაიგონ, რა იქნება შეხვედრის დღის წესრიგში და რა შედეგია მოსალოდნელი.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს მომავალში შედგეს და უკრაინული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე.

ამავე დროს, ის აცხადებს, რომ ზელენსკი არ მოაწერს ხელს არანაირ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც უკრაინისთვის წამგებიანია.

 


ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემთხვევაში, ზელენსკი მზადაა, პუტინს ისრაელში შეხვდეს