იტალიის მეხანძრე-მაშველების განცხადებით, ავტობუსი, რომელსაც 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი გადაჰყავდა, ჩრდილოეთ იტალიის მთავარ გზატკეცილზე გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. იტალიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ დაშავდა ხუთი ადამიანი, მაგრამ არცერთი დაშავებულის მდგომარეობა არ არის მძიმე.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ავტობუსი უკრაინიდან დაიძრა და სამხრეთით ადრიატიკის საპორტო ქალაქ პესკარასკენ მიემართებოდა.
რა გახდა ავტობუსის გადატრიალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს შესაძლოა, ჩაეძინა.
ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან იტალიაში დაახლოებით, 35,000 ლტოლვილი წავიდა.