საქართველო იდგა და დგას უკრაინისა და უკრაინელების გვერდით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
„დღეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, უმძიმესი დღეები უდგას, თუმცა უკრაინის ბრძოლა ჯერ გამარჯვებული თუ არა, უკვე წარმატებულია! წარმატებული, რამეთუ ამ მოვლენებმა მსოფლიოს თვალი გაახელინა და გამოაღვიძა.
უდავოდ უკრაინის დამსახურებაა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ერთიანობა. უდავოდ უკრაინის დამსახურებაა ევროკავშირის არნახული ერთსულოვნება და სიმტკიცე, ამერიკის და ევროპის ერთობლივი მოქმედებები. მისი დამსახურებაა, დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ კი, დასუსტებული რუსეთი.
დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის, რამეთუ დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც შესაძლოა, ხვალ კიდევ უფრო მწვავე გახდეს. თუმცა ამავდროულად, როგორც სჩვევია ისტორიას, გამოწვევებთან ერთად, კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ. ახალი გზები იხსნება. ამ ახალ გზაზე, საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს. უნდა გვესმოდეს რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის ვალდებულება ქვეყნის წინაშე! დრო აღარ ითმენს! თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებსა და ახალ შესაძლებლობლებს მზადყოფნაში არ დავხვდებით - ეს დრო აღარ დაბრუნდება!
დღეს ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება - რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, საბავშვო ონკოლოგიური საავადმყოფო, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც ერთმორწმუნე ერის ეკლესიები, მოხუცებისა და ორსულების ევაკუაცია, უკრაინელი მეომრებისა თუ რიგითი მოქალაქეების შეუპოვარი ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოს დასაცავად და დამოუკიდებლობის დასაცავად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ:
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური მოხსენებით დღეს მიმართავს