სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters

სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ორშაბათს თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში შენიშნეს. Reuters-ის ცნობით, სანქცირებული რუსი ოლიგარქი სტამბოლის რეისს ელოდებოდა. სააგენტოს მიერ მოპოვებული ფოტოს მიხედვით, ბრიტანულ საფეხბურთო კლუბის „ჩელსის“ მფლობელი აბრამოვიჩი აეროპორტის VIP დარბაზში იმყოფება.

Reuters-ი წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა, ნამდვილად ჩაჯდა თუ არა აბრამოვიჩი თვითმფრინავში.



აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ.

Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ.


სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია.