216 ხმით არცერთის წინააღმდეგ - რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს.
- „25-წლიანი წევრობის ისტორიით ვწუხვარ, რომ ჩვენ ამის გაკეთება გვიწევს, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გავბედეთ პირველად ისტორიაში. ჩვენი წევრი სახელმწიფოს, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესია მიუღებელია, ძახილის ნიშანი. დაასრულეთ ომი ახლავე“, – წერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოქსი მიკრობლოგ Twitter-ზე.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ლუიჯი დი მაიო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოქსი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი გადაწყვეტილებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
„როგორც ევროპის საბჭოს ლიდერებმა, ჩვენ არაერთხელ დავგმეთ რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამ გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა აგრესიამ გამოიწვია მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, დაწყებულიყო რუსეთის ფედერაციის ევროპის საბჭოდან გარიცხვის პროცედურა.
დღეს საღამოს, საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ უნდა იყოს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო. მინისტრთა კომიტეტი ხვალ დილით რიგგარეშე სხდომას გამართავს ასევე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი შეტყობინების ფონზე, რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესახებ, ევროსაბჭოდან გასვლის შესახებ.
ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში და განვაგრძოთ მშვიდობიანი გადაწყვეტის გზის ძიებას, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. მნიშვნელოვანია, ამ რთულ დროს ევროპა მტკიცედ დადგეს უკრაინის, მისი ხელისუფლებისა და უკრაინელი ხალხის გვერდით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე თემაზე
რუსეთმა ევროსაბჭოს დატოვების შესახებ განცხადება ოფიციალურად ჩააბარა