საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ ევროკავშირი იწვევს თავის ასოცირებულ პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებისთვის. რა ფორმით უნდა იყოს საქართველო სანქციების მონაწილე, ელჩის თქმით, ეს იმ დისკუსიების საგანია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან აქვთ.
ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, შემდგომ დღეებში ამ დისკუსიებს გარკვეული შედეგი ექნებათ.
„ევროკავშირი იწვევს ასოცირებულ პარტნიორებს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შესაერთებლად; რა უნდა იყოს და რა შეიძლება, იყოს ეს უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებით, განხილვის საგანია, რომელიც გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. ვფიქრობ, ამ დისკუსიას ექნება წინსვლა და მომავალ დღეებში გამოიღებს შედეგს. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია,” - განაცხადა გერმანიის ელჩმა
16 მარტს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები EUGBC-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. მას ასევე ესწრებოდა საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში აქვთ მოლოდინი, რომ კანდიდატი და ასოცირებული პარტნიორები მათ სანქციებს მიუერთდებიან.
„მარტის დასაწყისში, უკრაინამ წარადგინა განაცხადი ევროპარლამენტში, რათა დაჩქარებული წესით განიხილებოდეს უკრაინის აპლიკაცია ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. 10 მარტს, ვერსალში განხილული იყო უკრაინის და მოლდოვის განაცხადები კანდიდატობის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკავშირში - როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროსტრუქტურებში არის მოლოდინი, რომ კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნები უნდა იყვნენ ევროკავშირის სანქციების და უსაფრთხოების ზომების მონაწილეები, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი.
ჩვენ მივესალმებით იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის გადადგმული და რომლებიც აჩვენებს მკაფიო კოორდინაციას ევროკავშირისა და საერთაშორისო საბანკო სისტემებთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ იქნება ახალი ნაბიჯებიც საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით", - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
წყარო bm.ge