NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს NATO-ს შტაბ-ბინაში შეხვდა. გენერალურმა მდივანმა მდივან ოსტინის პირადი ჩართულობა და ლიდერობა შეაქო, ამასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე რეაგიების კუთხით, შეერთებული შტატების მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი, მათ შორის, ევროპაში 100 000 ამერიკელი ჯარისკაცის ყოფნაზე გამახვილდა ყურადღება.
- „მინისტრები დღეს იკრიბებიან, რათა განიხილონ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, ასევე, განვიხილავთ მომავალ კვირას NATO-ს სამიტისთვის მომზადების საკითხს. ჩვენ შემოგვიერთდა ჩვენი უკრაინელი კოლეგა, ოლექსი რეზნიკოვი. ასევე, ჩვენი სხვა პარტნიორები, საქართველოს, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. მსოფლიო გმობს ამ უაზრო ომს. NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს უპრეცედენტო სანქციებს უწესებენ. ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერაში. მრავალი წლის განმავლობაში NATO-ს მოკავშირეები წვრთნიდნენ ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცს და აძლიერებდნენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს ჩვენი მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხის, მთავრობისა და შეიარაღებული ძალების მიმართ. სამხედრო აღჭურვილობით, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით, ასევე, მილიონობით ლტოლვილისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფით. დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის მისასალმებელ სიტყვაში.
NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე იკრიბებიან. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს.
მინისტერიალში მონაწილეობენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.