ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას მასპინძლობს. დისკუსიების მთავარი თემა უკრაინაში ომი იყო. დუდამ მადლობა გადაუხადა ერდოღანს მშვიდობის დამყარების მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის. როგორც ცნობილია, რუსეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ომის პერიოდში სწორედ ანტალიაში შეხვდნენ პირველად.

„თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა რეგიონში. მას დიდი წვლილი მიუძღვის და დიდ როლს ასრულებს მშვიდობისთვის", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეუერთდნენ ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის.

თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა, რომ NATO-ს ორმა მოკავშირემ უკრაინის საკითხზე გაცვალეს მოსაზრებები. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ძალისხმევის დაჩქარების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, რათა დასრულდეს რუსეთის აგრესია უკრაინაში. 

„ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. საგარეო საქმეთა მინისტრი (მევლუთ ჩავუშოღლუ) დღეს მოლაპარაკებებს მართავს მოსკოვში. ის ხვალ უკრაინაში გაემგზავრება“, - აღნიშნა ერდოღანმა. 

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და პოლონეთი მიზნად ისახავენ, შექმნან მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭო კავშირების შემდგომი გაძლიერების მიზნით.