Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის 

რუსი მეწარმე და „ალფა-ბანკის“ დამფუძნებელი, მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი Bloomberg-თან აცხადებს, რომ სანქციების გამო ანგარიშების გაყინვის და საბანკო ბარათების დაბლოკვის შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 

15 მარტს ბრიტანეთმა ევროკავშირის კვალდაკვალ „ალფა-ბანკის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა, შედეგად, ფრიდმანმა აღმოაჩინა, რომ მის ერთად-ერთ მოქმედი საბანკო ბარათზე თანხა გაიყინა. გამოცემასთან ინტერვიუში ფრიდმანმა განაცხადა, რომ ამის გამო დამლაგებლის მომსახურების საფასურის გადახდასაც კი ვერ ახერხებს. 

„ალბათ სახლის დალაგება დამოუკიდებლად მომიწევს. როცა სტუდენტი ვიყავი საერთო საცხოვრებელში ოთხ მეზობელთან ვიყოფდი ოთახს. 35 წლის შემდეგ ეს გამოცდილება  გამომადგება“, - აცხადებს ფრიდმანი. 

Bloomberg-ის მონაცემებით, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებამდე ფრიდმანის აქტივები $14 მილიარდს შეადგენდა. ახლა „ფურცელზე“ მისი კაპიტალი $10 მილიარდია, ამიტომ, ბიზნესმენს ნაღდი ფული არ აქვს. ფრიდმანი ამბობს, რომ აღმოსავლეთის სანქციები რუსეთის ხელისუფლებისთვის ნაკლებად ეფექტურია. 

მისი თქმით, ევროკავშირს არ აქვს გაცნობიერებული, თუ როგორ ფუნქციონირებს რუსეთის ხელისუფლება. „თუ სანქციების მიზანია, ოლიგარქებმა მოახდინონ პრეზიდენტზე ზეწოლა, ამას აზრი არ აქვს. თუ ევროკავშირში ფიქრობენ, რომ სანქციების გამო შემიძლია, პუტინთან მივიდე და ვუთხრა, რომ საომარი მოქმედებები შეაჩეროს და ეს იმუშავებს, ვშიშობ... რადგან ჩვენ ყველას დიდი პრობლემები გვაქვს. ამიტომ, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, ვფიქრობ, არაფერი ესმით, თუ როგორაა მოწყობილი რუსეთი“, - ამბობს ფრიდმანი. 

Bloomberg-ის ცნობით, მანამდე მიხაილ ფრიდმანმა რუსეთის სპეცოპერაციას უკრაინაში ტრაგედია უწოდა და განაცხადა, რომ „საომარი მოქმედებებით“ პრობლემა ვერ გადაიჭრება. 

ალფა-ბანკის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ამ გამონათქვამების გამო მას შესაძლოა, რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისას პრობლემები შეექმნას. 

ცნობისათვის, მიხაილ ფრიდმანი ევროკავშირის სანქციების გაფართოებულ სიაში მოხვდა. ევროკავშირში მისი კონტროლის ქვეშ არსებული აქტივები გაყინულია. ამასთან, ბიზნესმენს აკრძალული აქვს ევროკავშირში შესვლა. ფრიდმანი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი იყო. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა „ალფა-ჯგუფს“ უცხოური ინვესტიციეიბის მოსაზიდად. 


ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. 

შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.