პოლონეთის პრემიერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა სამუდამოდ უკვდავვყოთ ქართველი ხალხის დიდი მეგობრის, საქართველოს ეროვნული გმირის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი, მისი ნათელი ხსოვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ახალ ბულვარში განაცხადა, სადაც პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავეცკისთან ერთად, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი კაჩინსკი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„ის ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, უფრო მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები მიეღოთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტი კაჩინსკი ჩამოფრინდა თბილისში, რათა მხარი დაეჭირა ჩვენი სუვერენიტეტისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის. დღეს, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე უმძიმესი მოვლენების დროს, ყველას გვახსენდება მისი გაფრთხილება ევროპელი ლიდერებისადმი, რომ თუ წინ არ აღუდგებოდნენ საქართველოსადმი აგრესიას, მომავალში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ჯერი დადგებოდა. მისი ტრაგიკული, უდროო გარდაცვალება ჩვენმა ხალხმა ისევე განიცადა, როგორც მოძმე პოლონელებმა. ლეხ კაჩინსკის ხსოვნის უკვდავყოფით ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას, მადლიერებას მისდამი და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიულ არჩევანს, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში. დიდება ჩვენს გმირებს!“ , - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ღირებულებებზე ისაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძეგლის გახსნისა და პრეზიდენტ კაჩინსკის ხსოვნის პატივისცემისთვის მადლობა გადაუხადა.

„თითქმის 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, თავის პატარა მეზობელ ქვეყანას თავს დაესხა. ლეხ კაჩინსკი ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, მაშინვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და 2008 წლის 12 აგვისტოს უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოვიდა და პატივი სცა საქართველოს თავისუფალ არჩევანს, საქართველოს მამაც ხალხთან დაამტკიცა, რომ საქართველოს სურს დამოუკიდებლობა და ალბათ, ამიტომაც გახდა რუსეთის იმპერიის პირველი მტერი. ძალიან დიდი მადლობა ქართველ მეგობრებს, რომლებსაც ახსოვთ პრეზიდენტ კაჩინსკის ეს ქმედება, ჟესტი. დიდმა პოლიტიკოსებმა უნდა ამოიცნონ არამარტო ის მიმართულებები, რომლებიც ირგვლივ ხდება და აუცილებლად უნდა დაარქვან ამ მოვლენებს სახელი, პირველ რიგში, მათ უნდა ჰქონდეთ იმის სიმამაცე, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ამის უნარი ჰქონდა, დროულად იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.


მატეუშ მორავიეცკიმ, სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა ქართულ-პოლონური მეგობრობის სიძლიერეს და პრეზიდენტ კაჩინსკის როლს ამ მიმართულებით. „ის გაკვეთილები, ის გაფრთხილება, რომელიც ჩვენ, თაობებს დაგვიტოვა ლეხ კაჩინსკიმ და მისი რწმენა, იმ ურთიერთობისა, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ ერებს ერთმანეთთან, უნდა გვახსოვდეს, და ეს სიტყვები გვიჩვენებდნენ სწორ გზას საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობებში. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერამ შესაძლოა, ძალიან დიდი როლი ითამაშოს ევროპაში“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.