დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი, – ამის შესახებ კახა კალაძემ წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოების მიმდინარეობისას ისაუბრა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, იმისთვის, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკამ შეუფერხებლად იმუშაოს, დროებით წყნეთი-კიკეთის დამაკავშირებელი გზა დაიკეტა.
წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. უხვი ნალექის გამო, მთელი ღამის განმავლობაში „თბილსერვის ჯგუფი“ არ გაჩერებულა. საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა წყნეთში, კოჯორში, ტაბახმელაში, კიკეთში. წყნეთიდან კიკეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით გადავკეტეთ, რომ ტექნიკას მუშაობაში ხელი არ შეეშალოს, ყველაფერი გაიწმინდოს და ტექნიკური მარილი თავისუფლად დაიყაროს.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მხოლოდ ზედა წყნეთის ჩათვლით მოძრაობს, რადგან ზედა წყნეთის შემდეგ უკვე დიდი თოვლი და ქარბუქია. გუშინ საღამოს დაიწყო თოვა, მთელი ღამის განმავლობაში თოვდა და დღესაც თოვს. 2006 წლიდან წყნეთში ვცხოვრობ და მსგავსი უხვი ნალექი არ მახსოვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და არა მხოლოდ ცენტრალური, არამედ შიდა ქუჩები და პატარა ჩიხებიც თოვლისგან იწმინდება. მისივე თქმით, ეს პროცესი დღის ბოლომდე და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
დედაქალაქის მერთან ერთად, წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანიც გაეცნო. როგორც მან განაცხადა, გარდა გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრისა, ხდება თბილისის მერიის ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება და მოქალაქეების დახმარება.
„უხვის ნალექის მოსვლისთანავე, ჩვენ მობილიზებული ვართ. გარდა ამისა, ჩვენ კონტრაქტორ კომპანიებს ვთხოვეთ ტექნიკით დახმარება და ქუჩებს მათთან ერთად ვწმენდთ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კონტრაქტორებს. ვიდრე ქალაქში ნალექის პრობლემა იქნება, 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები. ასევე, მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ მერიის ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებს. ვინაიდან გარკვეულ ლოკაციებზე ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, მივდივართ ყველგან და ვეხმარებით მათ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.
ასევე წაიკითხეთ