ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხვალ ევროპაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
როგორც ბაიდენი წერს, ამ ვიზიტით ჩვენ ნათლად იტყვიან, რომ დასავლეთი ერთიანია თავისი დემოკრატიის დაცვაში.
„ხვალ მივემგზავრები ევროპაში ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან შესახვედრად, ზუსტად ერთი თვის შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში თავისი სასტიკი ომი წამოიწყო. ჩემი პირველი გაჩერება ბელგია იქნება, სადაც ნატო-ს მოკავშირეებს, დიდი შვიდიანის წევრი სახელმწიფოების და ევროპის ლიდერებს შევხვდები, რათა განვიხილოთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის მძიმე საფასური დავაკისროთ. შემდეგ გავემგზავრები პოლონეთში, სადაც ორმხრივი შეხვედრა მექნება პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან. ამ ვიზიტით ჩვენ ნათლად ვიტყვით, რომ დასავლეთი ერთიანია ჩვენი დემოკრატიის დაცვაში. პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს“, – აცხადებს ბაიდენი.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ჯო ბაიდენი: უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას რუსეთისგან დასაცავი იარაღი ჰქონდეს
ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $13,6 მილიარდიანი დახმარების გამოყოფის შესახებ კანონს ხელი მოაწერა