საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის ომში ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. ამის შესახებ Reuters წერს.
ჟოზეპ ბორელის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებას მოლაპარაკება და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ჯერ არ აინტერესებს.
„ახლა რუსეთს არ სურს მოლაპარაკება, მისი მიზანია ტერიტორიების ოკუპაცია“, - აცხადებს ბორელი.
მისი თქმით, რუსეთის მიზანია მოლდოვის საზღვრამდე მოწყვიტოს სანაპირო და უკრაინას ზღვაზე გასასვლელი შეუზღუდოს. „რუსეთი მოლაპარაკებაზე მხოლოდ მაშინ წამოვა, როცა პოზიციებს გაიმყარებს“, - აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირი და მისი მოკავშირეები უკრაინის არმიას სამხედრო დახმარებას განაგრძობენ. „ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. ეს უკრაინელების წინააღმდეგობის უნარზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს