დიდი შვიდეულის სამიტზე გადავწყვიტეთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა რუსეთის უკანონო აგრესიისა და პრეზიდენტი პუტინის დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა.
„ჩვენ გაერთიანებულნი ვართ მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხში”, - აღნიშნა შარლ მიშელმა.
დიდი შვიდეულის ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მტკიცედ განწყობილნი არიან მძიმე შედეგები დააკისრონ რუსეთს, მათ შორის, უკვე დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური ზომების სრულად განხორციელებით.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის ან მასთან დაკავშირებული მასალების გამოყენება.
“ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან”, - აღნიშნავენ დიდი შვიდეულის ლიდერები.
G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ.