რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შაბათს, 26 მარტს ოფიციალური შეხვედრა გამართა, ამის შესახებ CNN რუსული სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. რუსული მედია უკრაინაში მიმდინარე ომის დროს შოიგუს ადგილსამყოფელსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციების ფონზე წერს.
სამთავრობო სააგენტოს ცნობით, შოიგუ შეხვდა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს ჯარისთვის იარაღის მიწოდების საკითხის განსახილველად.
„იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ, დასახულ გეგმას ზუსტად მივყვებით. იმის გათვალისწინებით, რომ წინა წელთან შედარებით, წელს სახელმწიფო დაფინანსება 15%-ით მეტია, რა თქმა უნდა, ეს რესურსი უნდა მოვახმაროთ იმას, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს". - ამბობს სერგეი შოიგუ კრემლის პროპაგანდისტული მედიის ცნობით.
24 მარტს, ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, სად იმყოფება შოიგუ, რომელიც დიდი ხანია საჯაროდ აღარ გამოჩენილა და როგორ გრძნობს თავს. პუტინის პრესმდივნის პასუხი იყო, რომ მინისტრს „ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს, მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია და მედიით აქტიურობის დრო არ არის“.
დღეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ სერგეი შოიგუმ ინფარქტი აქვს და ამიტომ ოფიციალურ შეხვედრებზე არ ჩნდება.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ანტონ გერაშჩენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარების მიზეზი დაასახელა