ლვოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაკსიმ კოზიცკის ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ ლვოვის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს.
ქალაქში სამი ძლიერი აფეთქება მოხდა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაშავდა, წერს CNN.
ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიიმ მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ, შესაძლოა, თავდასხმა კიდევ განმეორდეს.
ლვოვი უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან მდებარეობს, სადაც ათასობით ლტოლვილი ქვეყნის დატოვების მიზნით ჩადის.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.