შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, 2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, უფრო მეტი რეაგირება, უფრო მეტად კარგად დანახვა რუსეთის, შეიძლება დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მსოფლიო, ევროპა არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება - რაც იყო, ის არის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ქალბატონო ელჩო, მივესალმები პატივცემულ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია 30 წელი. 30 წელი ეს არის ერთი თაობა. 30 წელია, რაც ამერიკა ყველანაირად გვერდში გვიდგას. მე ვეთანხმება იმას, რაც ახლა ითქვა, რომ ვიღაცები ცდილობენ გაავრცელონ არასწორი, ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება სხვა ღირებულებები გვქონდეს, შეიძლება ეს არ იყოს ჩვენი უძველესი კულტურის შესატყვისი, მაგრამ ის თანადგომა, მხარდაჭერა, ამერიკის პოლიტიკა რაც იყო და არის ჩვენს მიმართ ფასდაუდებელია და ამას ჩვენ უნდა ვაფასებდეთ. ჩვენც, ჩვენი მხრიდან ამერიკისთვის ვიყავით სანდო მეგობარი, პარტნიორი, რომელმაც თავი არ დაიშურა და იდგა იქ, სადაც საჭირო იყო, ეს იქნებოდა ავღანეთი თუ ერაყი“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ საქართველოს ყოველმხრივ გვერდში ედგა, ეს იყო ეკონომიკური, დიპლომატიური, პოლიტიკური და ასევე კულტურული დარგი. ამასთან პრეზიდენტმა გაიხსენა Voice of America-ს ქართული სექციის დამფუძნებლის სიტყვები საქართველოსთან მიმართებით.
„შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, უფრო მეტი რეაგირება, უფრო მეტად კარგად დანახვა რუსეთის, შეიძლება დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მსოფლიო, ევროპა არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება - რაც იყო, ის არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე და კიდევ ერთხელ გამოვაცხადოთ ჩვენი მთლიანი სოლიდარობა უკრაინისა და მისი შეუდარებელი ბრძოლის მიმართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში უკრაინისადმი სოლოდარობის საღამო გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველო-ამერიკის ურთიერთობასა და მეგობრობაზე.
ასევე წაიკითხეთ
სალომე ზურაბიშვილი: დროა, საქართველოში ჩამოვიდეს აშშ-ს პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით