დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი. მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს ბაზარზე - საწვავთან დაკავშირებით ფასების კლებას ველოდებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, საწვავის ფასის ზრდის ტენდენციისას მთავრობა ფასის დაზღვევის რა მექანიზმებზე იმუშავებს.
როგორც მინისტრი განმარტავს, ეკონომიკური გუნდი მუშაობს და შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია განხორციელდეს.
„მთავრობაში დაზღვევის მექანიზმებზე მსჯელობა მიდის. შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია. ის მოთხოვნა, რაც ეხებოდა გადასახადების გაუქმებას, ვფიქრობთ, არ არის შესაბამისი ადეკვატური ზომა. დავაკვირდებით სიტუაციას. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რომ ფისკალური დისციპლინა, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში, არ დაირღვეს, ამას არ ჰქონდეს ნეგატიური, გრძელვადიანი, პრეცედენტული სახე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე იმოქმედოს. გვესმის ამ საკითხის მგრძნობიარობა. ეკონომიკური გუნდი მუშაობს. შესაძლოა, უფრო უპრიანი იყოს სხვა ტიპის გადაწყვეტილებები.
საწვავთან დაკავშირებით იმასაც მოგახსენებთ, რომ რეალურად დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი. ჩვენ უშუალო ურთიერთობა გვაქვს იმპორტიორებთან. მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს ბაზარზე. გარკვეულწილად პიკური ფასები გადაივლის და დროის გარკვეულ მონაკვეთში უფრო ნაკლები ფასები შესაძლოა გვქონდეს. საწვავთან დაკავშირებით ფასების კლებას ველოდებით", - განაცხადა დავითაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ: