რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცადა, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც რუსეთთან მიმართებით „არამეგობრული ქმედებები“ ჩაიდინეს გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
„ახლა მზადდება პროექტი-განკარგულება საპასუხო ზომებზე, რაც „არამეგობრული ქვეყნების“ მოქალაქეების მიმართ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის სავიზო შეზღუდვებს გულისხმობს“, - განაცხადა ლავროვმა „ერთიანი რუსეთის“ კომისიის სხდომაზე.
ამასთან სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 15 მარტს ამ საკითხზე კანონმდებლობაში შესაბამისი შესწორება შევიდა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას შეზღუდვას უწესებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მოქალაქეობის არ მქონე პირებს. მანამდე ასეთი წესები, მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებთან მიმართებით ვრცელდებოდა.
ცნობისათვის, „არამეგობრული ქვეყნების“ სია რუსეთის ფედერაციაში 5 მარტს დაამტკიცეს. ამ სიაშია ავსტრალია, ალბანეთი, დიდი ბრიტანეთი, ვირჯინიის კუნძულები, გიბრალტარი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ესპანეთი, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეის რესპუბლიკა, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, ჩერნოგორია, შვეიცარია, იაპონია.