ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საექსპორტო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის ალტერნატიული მარშრუტები შეიმუშავა. ამის შესახებ რუსული მედია ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ კაირბეკ უსკენბაევზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენ შევიმუშავეთ ალტერნატიული მარშრუტები და კორიდორები საექსპორტო და ტრანზიტული ტვირთებისთვის. სამინისტრომ მიიღო ოპერატიული ზომები, იმისთვის, რომ ტვირთების მოწოდების ლოჯისტიკური ჯაჭვის წყვეტა აღკვეთოს“, - განაცხადა კაირბეკ უსკენბაევმა.
მისი თქმით, საექსპორტო ტვირთების ახალი მარშრუტი ლატვიის პორტებსა და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) იქნება ორიენტირებული.
„TITR-ის ფარგლებში შეთანხმება უკვე მიღწეულია აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებთან გადაზიდვების უზრუნველსაყოფად ერთობლივი საწარმოს შექმნაზე“,- განაცხადა ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა.