2 აპრილს რუსეთის 17 ქალაქში ომის საწინააღმდეგო აქციებზე სულ მცირე 212 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ორგანიზაცია OVD-Info ავრცელებს.
ორგანიზაციის თანახმად, მოსკოვში დემონსტრანტების პარკ „ზარიადიესტან“ აკავებდნენ. პარკთან ახლოს სამართალდამცველები გამვლელებს ნივთებს უმოწმებდნენ.
OVD-Info-ს ცნობით, სანქტ-პეტერბურგში საპროტესტო აქციის გადაღებისას ორ ჟურნალისტის თავს დაესხნენ. ასევე პეტერბურგში დააკავეს ЗАКС.Ру ჟურნალისტი ანდრეი ოკუნი და Avtozak LIV-ის ჟურნალისტი ანგელინა ტროფიმენკო.
მოსკოვში დააკავეს - 80 ადამიანი, სანქტ-პეტერბურგში 78 , ნოვოსიბირსკში კი - 15.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ომის საწინააღმდეგო აქციები თითქმის ყოველდღიურად იმართებოდა, თუმცა მარტის შუა რიცხვებიდან დემონსტრაციები ფაქტობრივად შეწყდა. ბოლო რამდენიმე დიდი აქცია მოსკოვში 13 მარტს გაიმართა. ომის საწინააღმდეგო აქციებზე რუსეთში 15 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.