იმ ქვეყნებს, იმ ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის უერთდება მსოფლიო ლიდერების მოწოდებებს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები უკრაინელებს მაქსიმალურად დაეხმარონ.
„დღეს მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის არც ერთი ხელისუფალი საკუთარ მოქალაქეებს არ მოუწოდებს უკრაინაში წასვლისკენ და საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ. ამაზე მინდა კიდევ ერთხელ ცალსახად განვაცხადო. ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ს მთავრობის განცხადებები, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ევროპის ქვეყნების ლიდერების გამოსვლები, სადაც ისინი მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ ეს სოლიდარობა გამოხატონ განსხვავებული ფორმით, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთვის გაგზავნით. მე ვუერთები მსოფლიო ლიდერების ამ მოწოდებას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატონ სხვა ფორმით, იქნებ ეს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა თუ სხვა, მათ შორის აქ ჩამოსული უკრაინელი მოქალაქეების დახმარების კუთხით. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.