უკრაინის თავდაცვა: რუსეთი სანქცირებული საქონლის გადატანის კონტრაბანდულ გზებს საქართველოს გავლით გეგმავს

რუსები სანქცირებული პროდუქტის კონტრაბანდული გზით გადატანის არხებს საქართველოს გავლით ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთმა სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონლის მიწოდების შესაძლებლობა დაკარგა.

"სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსეთის აგენტები კონტრაბანდის გზებს აყალიბებენ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს მითითებები არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა", - ნათქვამია დაზვერვის სამმართველოს განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ცნობილია რუსეთის ფედერაციის კონტრაბანდული საქონლით მომარაგების კიდევ ერთი არხი - აღმოსავლეთ აზია. ამ ტერიტორიის გავლით ოკუპანტ ქვეყანას ტექნიკა, ელექტრონიკა და ოპტიკური მოწყობილობები მიეწოდება.

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.