აშშ-ს პრეზიდენტმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ომის დანაშაულებისთვის უნდა გასამართლდეს. ამის შესახებ Associated Press წერს.
„თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში“, თქვა ბაიდენმა და პუტინს კვლავ „ომის დამნაშავე“ უწოდა.
„ალბათ გახსოვთ, მე გამაკრიტიკეს იმისთვის, რომ პუტინს „ომის დამნაშავე“ ვუწოდე. სიმართლე კი ისაა, რომ საკუთარი თვალით იხილეთ, რაც მოხდა ბუჩაში. ეს პუტინის წინააღმდეგ მტკიცებულებაა, ის ნამდვილად ომის დამნაშავეა. მაგრამ, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ინფორმაციის შეგროვება. ასევე, უნდა განვაგრძოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელიც მათ ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდებათ. უნდა მივიღოთ ყველა დეტალი, რათა ამ საქმეზე ომის დანაშაულის სასამართლო გაიმართოს. პუტინი სასტიკია და რაც ბუჩაში ხდება, აღმაშფოთებელია და ეს ყველამ იხილა. რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებაზე ვფიქრობ". - ამბობს ჯო ბაიდენი.
ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა".
ასევე წაიკითხეთ: