საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმას.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის უმნიშვნელოვანეს როლზე რეგიონში, განსაკუთრებით კი ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს.