New York Times-ი: სატელიტურ ფოტოებში ჩანს, რომ ბუჩას ქუჩებში ცხედრები უკვე იყო, როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ 

გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. 

ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. 

9-11 მარტის პერიოდში ბუჩაში, იაბლონსკის ქუჩზე სატელიტურ ფოტოზე ადამიანის სხეულის ზომის 11 მუქი ობიექტი ჩანს, რომლებიც სამი კვრის განმავლობაში არავის გადაუადგილებია. საგულისხმოა, რომ ამ მუქი ობიექტების მდებარეობა, ზუსტად დაემთხვა იმ ადამიანების ცხედრების ადგილსამყოფელს, რომლებიც 2 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ნახეს და ვიდეო გადაიღეს.  

ჟურნალისტებმა სატელიტურ ფოტოებს შეადარეს იაბლონსკის ქუჩის კიდევ ერთი ვიდეო, სადაც სამი ადამიანის ცხედარი ჩანს და დაადგინეს, რომ ცხედრები ამ ადგილას სატელიტურ ფოტოებზე 20-21 მარტს გამოჩნდა.  

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს. 

„ქალაქ ბუჩაში, კიევის ოლქში, მას შემდეგ რაც აქედან, გეგმების შესაბამისად, რუსი სამხედროები გავიდნენ, განხორციელდა მომდევნო „ფეიკური თავდასხმა“... იქ რამდენიმე დღეში დაიდგა „ინსცენირება“, რომელსაც უკრაინის წარმომადგენლები და მათი დასავლელი მფარველები ყველა არხსა და სოციალურ ქსელში ავრცელებენ", – თქვა ლავროვმა. 

ამასთან, ლავროვმა ამ ყველაფერს პროვოკაცია და საერთაშორისო უსაფრთხოების საფრთხე უწოდა. რუსეთი საკითხთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს. 

ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

ასევე წაიკითხეთ:

სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას