საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და NATO-ს ეწვევა

საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და NATO-ს ეწვევა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

„საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ნატო-ს შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების ჯგუფთან საქართველოს, უკრაინის, შვედეთის, ფინეთის, იაპონიის, ავსტრალიის, კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით. მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 4 აპრილს ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა.