ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"უკრაინა ნამდვილად არ იქნება ისეთი, როგორიც თავდაპირველად გვსურდა. ეს შეუძლებელია. სრულად ლიბერალური და ევროპული – ის ასეთი არ იქნება. დაცული სახელმწიფო და უსაფრთხოება, ეს უნდა იყოს ნომერი პირველი. ვფიქრობ, მთელი ჩვენი ხალხი იქნება ჩვენი დიდებული არმია. ვფიქრობ, ვერ ვისაუბრებთ, უბრალოდ, მომავალ შვეიცარიაზე. ალბათ, ჩვენი სახელმწიფო ასეთი შეიძლება იყოს დიდი, დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ, მგონია, ნამდვილად გავხდებით დიდი ისრაელი, საკუთარი სახით". – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 9 მარტს სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების“ შესახებ განაცხადა.

2 აპრილს უკრაინის თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარმა კიევის ოლქი დატოვა. 

ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. 

ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. 

ასევე წაიკითხეთ:

სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას