რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა. კენჭისყრა 7 აპრილს გაიმართა.

აშშ-ის მიერ წარმოყენებულ ინიციატივას ასამბლეის წევრი 93 ქვეყანა მიემხრო, 24 წინააღმდეგ წავიდა, 58-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

Reuters-ის თანახმად, კენჭისყრამდე მოსკოვმა გაეროს წევრი სახელმწიფოები გააფრთხილა, რომ “არამეგობრულ ჟესტად” შეაფასებდა როგორც ხსენებული ინიციატივის მხარდაჭერას, ისე ხმის მიცემისაგან თავის შეკავებას.

5 აპრილს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის წარმომადგენელმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება. 

27 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, ანტონიო გუტიერეშს მიმართა, რომ  აგრესორ ქვეყანას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ხმის უფლება ჩამოერთვას და რუსეთის ფედერაციის მოქმედებებსა და განცხადებებს მიენიჭოს უკრაინელი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია. 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ

გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება

ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა