საქართველო არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მითუმეტეს, რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან სამწუხარო იყო ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან.
„მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან. გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო. უკრაინას და უკრაინელებს ვუსურვებდი, რომ ძალიან მალე დასრულდეს ომი, შეწყდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის, მთელი ევროპისთვის და მსოფლიოსთვის. თქვენ იცით, რომ გაეცა კომპეტენტური პასუხები სხვადასხვა უწყების მხრიდან, გაკეთდა არაერთი განცხადება და განმარტება. მინდა ცალსახად განვაცხადო, რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მითუმეტეს, რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული. ეს ხომ სრული აბსურდია. ამაზე, რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული პროდუქტების, საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით. ეს არის ძალიან მკაფიო, ცალსახა პოზიცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 4 აპრილს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
დაზვერვის განცხადებას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი გამოეხმაურა. მან TV ფორმულასთან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე".
მოგვიანებით, საქართველოდს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვერეშჩუკის განცახდება კონტრაბანდაზე დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით ასეთი დეზინფორმაცია კატეგორიულად მიუღებელია.
ასევე წაიკითხეთ