ზელენსკი ფოტოებზე: ეს ორი სხვადასხვა ადამიანია, არ ვიცი, დავუბრუნდები თუ არა პირველს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Bild-თან ინტერვიუში ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოკოლაჟს გამოეხმაურა. ზელენსკის პირველი ფოტო უკრაინაში ომის დაწყებამდეა გადაღებული, მეორე კი - ბუჩაში, ომის დაწყებიდან 41-ე დღეს.

ზელენსკის თქმით, „ეს ორი სხვადასხვა ადამიანია" და არაა დარწმუნებული, რომ შეძლებს დაუბრუნდეს პირველს. 

"ცვლილებები ქვეყნისთვის სასარგებლოა. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ დავუბრუნდები ამ ადამიანს". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.

ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას